ტაძარი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელი ჭიკაანი, კახეთი.
ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათიანი ახალი ტაძარი აგურით არის ნაგები მე-17 ს-ში. ძველი ეკლესიის ნანგრევები იქვეა სასაფლაოზე შემორჩენილი. ნაგებობა, შიგნიდან და გარედან, შეთეთრებულია. შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. ჩრდილო კარი, ფასადის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი, სხვა ორი კი მკლავების მოცულობაში. ღიობები, შიგნიდან, სწორხაზოვანია, გარედან - შეისრული თაღით დასრულებული. აღმოსავლეთით, გეგმით არასრული ნახევარწრის აფსიდია, რომლის წინ მოკლე ბემაა. აფსიდში ნახევარწრიული სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი ჯვრის დანარჩენ მკლავებშიცაა, თითო-თითო კი დასავლეთ კუთხის ნაწილების დასავლეთ კედელში. გუმბათის ყელში რვა მაღალი თაღოვანი სარკმელია მოქცეული. საკურთხევლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსი, აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდით და დასავლეთით კარით არის განსაზღვრული, რომლითაც ნაგებობის მთავარ სივრცეს უკავშირდება. სამკვეთლო, სწორკუთხა კარით, ბემასთანაც არის დაკავშირებული. სათავსებს შეისრული კამარები ხურავს. ჯვრის მკლავები ისრული კამარით არის გადახურული. კამარის შუაში საბჯენი თაღებია დასმული. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილო მკლავებში, თაღები კონსოლებზეა დაყრდნობილი, აღმოსავლეთ მკლავში - პილასტრებზე. დასავლეთ კუთხის ნაწილები შეისრული კამარით არის დახურული, რომელთა ქუსლები, კედლის ზედაპირიდან, ოდნავ გამოშვერილია. ორივე ნაწილი, მიმდებარე მკლავებს, შეისრული თაღით უკავშირდება. გუმბათი გარედან რვაწახნაგა და შიგნიდან წრიულია. ის საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთით მდგომ ორ დაბალ, უკვარცხლბეკო, მრგვალ სვეტს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღებიც შეისრულია (ჩრდილო თაღის ნახევარწრიული ფორმა გვიანდელი შეკეთების შედეგია). საკურთხევლის კუთხეებთან, თაღები, პილასტრებს ეყრდნობა. გუმბათის ყელი, კვადრატზე, აფრებით გადადის. ფასადები სადა თაღებითა და მასში მოქცეული არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტებით არის გაფორმებული. ოთხივე მხარეს, მკლავის არეზე მაღალი და მის გვერდებზე, შედარებით დაბალ მოცულობებზე, მომცრო თაღებია განაწილებული. გვერდითი თაღები, განივ ფასადებზე, შეისრულია, გრძივ კედლებზე - სწორკუთხა. აღმოსავლეთ ფასადის შუა არეში, ქვემოთ, საკურთხევლის სარკმელია, ზემოთ კი, კედლის სიბრტყეში, წყობაშივეა შეღრმავებული ჯვრის გამოსახულება. გვერდით სეგმენტებზე, სამკვეთლოსა და სადიაკვნის სარკმლები, საფეხურით ჩეღრმავებულ სიბრტყეებშია ჩასმული, რომლებიც ქვემოთ გახსნილია და ბოლოებით, მის გვერდებზე განთავსებულ, ოდნავ დაბალ, შეისრულ შეღრმავებებთან არის დაკავშირებული. ორივე ღიობის ზემოთ თითო შეღრმავებული ჯვარია. დასავლეთ ფასადი, აგებულებით, აღმოსავლეთის სურათის მსგავსია, თუმცა, სარკმლები, აქ, შედარებით მაღლაა და ჯვარი მხოლოდ შუა არეშია დატანილი. ცენტრალური სარკმლის ქვემოთ, სწორკუთხა შეღრმავებაა, როგორც ჩანს, წარწერიანი ქვის ფილის ჩასასმელად. ამავე ფასადზე, შესასვლელიც სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული, რომელიც აგურის ხერხულა ფრიზით არის დასრულებული. ასევე შეღრმავებაშია მოთავსებული გვერდით არეებში გაჭრილი სარკმლები. ორივე მათგანში, შეწეული სიბრტყის ფუძეზე, ორ-ორი საფეხურით შედგენილი განიერი, ჰორიზონტალური ზოლურია გამოყვანილი. სამხრეთ ფასადის მორთულობა, შუა არეში, აღმოსავლეთის მსგავსად, მარტივად არის გადაწყვეტილი. დაბალი მოცულობების ზემოთა ნაწილში, ერთ მთლიან ზოლად, კუთხით დაწყობილი აგურის ორი რიგი და მის ქვემოთ ურთიერთდაკავშირებული სამი მცირე, შეისრული ნიშაა. მსგავსი მორთულობა აქვს ჩრდილოეთ ფასადსაც. თუმცა, შესასვლელი, შუა ღერძიდან მარჯვნივ არის მოქცეული. ჯვრის ოთხივე მკლავის გვერდითი ფასადები, გვერდიგვერდ განლაგებული სამი, დაბალი, შეისრული ნიშით არის გაფორმებული, რომელთა თაღები საფეხურით შეღრმავებულ არეშია მოქცეული. გუმბათის ყელის წიბოებზე, ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვებია დასმული, რომლებიც, წახნაგზე მოთავსებულ შეისრულ თაღებს შორისაა ჩართული. თაღები, მათ ზემოთ გავლებული ჰორიზონტალური ლილვით და აქცენტირებული წიბოებით, მართკუთხა სიბრტყეში ექცევა. ფასადები ხეხულა ლავგარდნით არის დასრულებული. ნაგებობა ღარისებრი კრამიტით არის გადახურული.
#Chikaani
#Kvareli
#Kakheti
#Georgia
Тэги:
#ეკლესია #მართმადიდებელი_ეკლესია #საქართველოს_მართმადიდებელი_ეკლესია #მონასტერი #საპატრიარქო #ჭიკაანი #ყვარელი #კახეთი #საქართველო #ტურიზმი #ტურები_საქართველოში #Church #Orthodox_Church #Georgian_Orthodox_Church #Monastery #Patriarchate #Chikaani #Kvareli #Kakheti #Georgia #Tourism #Tours_In_Georgia